ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს და იღებს მოქალაქეთა მოთხოვნებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სოციალური სამუშაოს მიმდინარეობა განიხილეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი განცხადებების, მოთხოვნების საათობრივი აღრიცხვა/მონიტორინგი.
„15:00 საათის მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით შემოსული იყო 21 განცხადება, რომლის უმრავლესობა ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში ჩართვას ეხებოდა. ერთი განცხადება საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული იყო და ერთიც შშმ პირის მხარდამჭერობის ანგარიშს ეხებოდა. ეს განცხადებები დაფიქსირდა ქვეყნის სამ რეგიონსა და თბილისში, რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ამ დროისთვის ახალი განცხადებები არ შემოსულა. სოციალური მომსახურების სააგენტო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და იღებს მოქალაქეთა მოთხოვნებს.
დაახლოებით 70 თანამშრომელი იქნა მობილიზებული სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოში და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში, რომლებიც ეხმარებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაობის განხორციელებაში.
დღევანდელი დღე ძირითადად მიმართული იყო გადაუდებელ სამუშაოზე, ახალი განცხადებების მიღებასა და მათზე რეაგირების მოხდენაზე, ხოლო ხვალიდან ჩვენ უკვე შეუდგებით გეგმიურ სამუშაოებს, მათ შორის მონიტორინგს და შეფასებების განხორციელებას.
დინამიკაში დავაკვირდებით დამატებითი კადრების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროება, გვაქვს მზაობა, ხელშეკრულების საფუძველზე კადრები დროებით ავიყვანოთ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი ქვეყნის მასშტაბით სწორედ დღეს გაიფიცნენ და საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იქამდე ამბობენ, ვიდრე მათი ის მოთხოვნები არ შესრულდება, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, კადრების დამატებასა და სხვადასხვა სერვისების ამოქმედებას გულისხმობს.