ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობას რამდენიმე თვით, რეაბილიტაციის დასრულებამდე, შეაჩერებს
უახლოეს პერიოდში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დაიწყება, ამ პროცესში კლინიკის მუშაობა შეჩერდება, რეაბილიტაცია კი, მიმდინარე წლის ბოლოს ან გაზაფხულისთვის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იმავე კლინიკაში განაგრძობენ.
გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, კლინიკას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამასთან, არის ამორტიზებული. საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტები აღარ ჰყავდა, მიმაგრებული პაციენტები კი, სხვა კლინიკებში გადანაწილდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ონკოლოგიური კლინიკის ექიმების დიდ ნაწილს, 225 თანამშრომლიდან 220-ს, უკვე გაუფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი კლინიკის მუშაობის აღდგენისთანავე, ავტომატურად გააგრძელებენ მუშაობას.
წოწკოლაური კლინიკის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის მოცულობას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს და ამბობს, რომ თანხის ოდენობა ახლა ზუსტდება. თუმცა, როგორც ის აცხადებს, დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ყველა საჭირო ხარჯი დაფინანსდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კლინიკა ერთდროულად 90-ის ნაცვლად, 400 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.