ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობის ბედი თვის ბოლომდე გაირკვევა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობის ბედი თვის ბოლომდე გაირკვევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება თვის ბოლოსთვის უნდა გახდეს ცნობილი და შენობებისა და ტერიტორიის მფლობელთან – კომპანია „ავერსთან“ ახალი საიჯარო ხელშეკრულება შესაბამისი ვადებით გაფორმდება.

„2019 წლის პირველ ივლისს გაუვიდა ხელშეკრულებას ვადა ჩვენსა და მფლობელს შორის იჯარის ხელშეკრულებას. ამის შემდგომ მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მთავარი საგანი იყო ის, თუ როდის გავიდოდა ინფექციური საავადმყოფო აღნიშნული ტერიტორიიდან. გასული წლის დეკემბერში მივიღეთ მინისტრისგან დავალება, რომ მოგვეძებნა ალტერნატიული ფართი. იყო რამდენიმე მიმართულება. ერთი იყო, რომ უნდა აგვეშენებინა ახალი შენობა კლინიკისთვის, ამის შემდეგ კი გამოჩნდა სხვადასხვა ვარიანტი უკვე აშენებულ შენობებთან დაკავშირებით. მიმდინარე ეტაპზეც ვაგრძელებთ მოძიების სამუშაოებს და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, იმედი მაქვს ეს ამ თვის ბოლომდე მოხდება, ხელშეკრულებას უკვე იმ ვადით გავაგრძელებთ, რა ვადაც დასჭირდება ინფექციური საავადმყოფოს გადატანას სხვა ლოკაციაზე,“ – განაცხადა წოწკოლაურმა.

ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია 11 შენობა-ნაგებობით, 2009 წელს აუქციონზე 12 მილიონ ლარად კომპანია „ავერსი ფარმამ“ იყიდა. მაშინ გაიცა პირობა, რომ კლინიკას ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა. წლების განმავლობაში კომპანია „ავერსი“ კლინიკის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითხოვდა, თუმცა ალტერნატიული ფართის მოძებნა ვერ მოხერხდა. შენობის მფლობელი კომპანიის მიერ ტერიტორიაზე შენობა ნაგებობების დემონტაჟის დაწყების გამო კლინიკის თანამშრომლებმა რამდენჯერმე საპროტესტო აქციებიც გამართეს. ბოლოს, კლინიკის მომავალ სავარაუდო მისამართად დასახელდა დიღომი, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე 11-სართულიანი შენობა, რომელიც სამედიცინო ინოვაციების ცენტრის სახელით არის ცნობილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.

ამასთან, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №653 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი შეადგენს 407 ათას 800 ლარს.

გუშინ საქართველოს პირველ არხთან საუბარში „ავერსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ განაცხადა, რომ მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღეს.