ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ჩინეთში მოგზაურობისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჩინეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო ხელისუფლებამ საეჭვო შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოავლინოს.
„ახალი ვირუსის საქართველოში გავრცელების რისკი სხვა ქვეყნების მსგავსად არსებობს. ჩვენი პროგნოზით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ვირუსის ექსპორტი მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოდიან, პოტენციურად შეიძლება, იქცნენ ვირუსის გადამტანად. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთის იმ რეგიონებიდან ჩამოდიან, სადაც ვირუსი გავრცელდა.
ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეებმაც ჩინეთში მოგზაურობის დროს მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ხელისუფლებამ კი საეჭვო შემთხვევები სწარაფად უნდა გამოავლინოს, გამოიძიოს და დიაგნოზი დასვას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ინფიცირებულთა სწრაფი იზოლაცია. საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ჩინეთში მიემგზავრება, ვირუსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
აუცილებელია მათი გაფრთხილება და ქცევის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა. ძირითადი რჩევა იქნება ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო საკვების მიღება. მათ თავი უნდა შეიკავონ თევზეულისა და სხვა ბაზრობებზე მისვლისგან. ასევე, უნდა მოერიდონ ადამიანებს, ვისაც აქვს გრიპის ან გაციების ნიშნები, ასევე გამოიყენონ დამცავი ნიღაბი. რაც შეეხება საკვებს, აუცილებელია, თავი შევიკავოთ უმი ხორცპროდუქტებისა და რძის მიღებისგან“, – განაცხადა დომენტემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას 26 იანვარს, 10:30 საათზე, „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“ მოისმენთ.