ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევები მაღალ რისკს არ წარმოადგენს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩინეთში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები მაღალ რისკს არ წარმოადგენს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთში გამოვლენილი შემთხვევები „კარგად არის მართული“.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩინეთში დაავადებების გავრცელებას ჩინეთისა და მონღოლეთის ხელისუფლებებთან თანამშრომლობით. ამ მომენტისთვის ჩვენ არ მიგვაჩნია ეს მაღალი რისკის შემცველად, თუმცა ყურადღებით ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.
გასული კვირის ბოლოს ჩინეთის ავტონომიური რაიონის, შიდა მონღოლეთის ქალაქ ბაიანურში ხელისუფლებამ ბუბონური შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა.
აღნიშნულ რეგიონში გასული წლის ნოემბერში ადამიანებში შავი ჭირის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ბუბონური ჭირის შემთხვევა გამოვლინდა მონღოლეთშიც.