ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისრაელი დათანხმდა შეზღუდულ „ჰუმანიტარულ პაუზებს“, რათა ღაზის სექტორში 640 000 ბავშვს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელი დათანხმდა შეზღუდულ „ჰუმანიტარულ პაუზებს“, რათა ღაზის სექტორში 640 000 ბავშვს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, რიკ პეეპერკორნის განცხადებით, „ჰუმანიტარული პაუზები“ ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებები შეწყდება ყოველდღე, დილის ექვსი საათიდან სამ საათამდე.
ვაქცინაციის კამპანია ცენტრალური ღაზიდან დაიწყება, შემდეგ ღაზის სამხრეთით გადაინაცვლებს და ბოლოს ჩატარდება ჩრდილოეთ ნაწილში. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ ზონაში შესაძლებელი იქნება პაუზის მეოთხე დღით გაგრძელება.
23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ღაზაში ერთი ჩვილი დაავადდა მეორე ტიპის პოლიოვირუსით, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა განაცხადა, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად.
ისრაელის თავდაცვის ძალების ჰუმანიტარულმა განყოფილებამ დაადასტურა, რომ ვაქცინაციის კამპანია ჩატარდება ისრაელის სამხედროებთან კოორდინაციით, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მივიდნენ სამედიცინო ცენტრებში და ჩაიტარონ ვაქცინაცია.