ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს ისრაელელი სამხედროების ერთკვირიანი ალყისა და ჩატარებული რეიდის გამო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს ისრაელელი სამხედროების ერთკვირიანი ალყისა და ჩატარებული რეიდის გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს მას შემდეგ, რაც 16 თებერვალს საავადმყოფოში ისრაელელი სამხედროები შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს. დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ამ საავადმყოფოში ჰყავდა „ჰამასს“ ისრაელელი მძევლები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიტუაციის შესაფასებლად მათ ადგილზე შესვლის უფლება არ მისცეს.

„ღაზის სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს ერთკვირიანი ალყისა და ჩატარებული რეიდის გამო. გუშინ და გუშინწინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გუნდს არ მისცეს საავადმყოფოში შესვლის უფლება, რათა შეეფასებინათ იქ მყოფი პაციენტების მდგომარეობა და კრიტიკული სამედიცინო საჭიროებები. საავადმყოფოში ჯერ კიდევ 200 პაციენტი იმყოფება. სულ მცირე, 20-ს სჭირდება სხვა საავადმყოფოში გადაყვანა იმისთვის, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება“, – წერს გებრეიესუსი.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამხედროებს მოუწოდეს, საავადმყოფოში საკვები და წყალი მიეტანათ.