ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება არ არის საჭირო
კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა.
მან ასევე მოუწოდა ყველა ქვეყნის მთავრობას, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტებზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, ნებისმიერ ქვეყანას ვირუსის დასაცავად მისაღები ზომების შესახებ რეკომენდაცია მისცეს.
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, აუცილებელია, რომ მეტი რესურსი დაიხარჯოს კორონავირუსის ჩინეთში დამარცხებაზე და ასეთ შემთხვევაში ის საზღვრებს გარეთ სწრაფად არ გავრცელდება.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში ამ ეტაპზე ძალიან ნელა ვრცელდება. გაბრეისუსის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს კომპანია „გუგლთან“, რათა საძიებო სისტემაში კორონავირუსის შესახებ სანდო ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.