ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს აკრიტიკებს. ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფონზე, გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობის თაობაზე რეალურ მდგომარეობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთს მოუწოდებს, უფრო სანდო მონაცემები წარადგინოს. გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად „ომიკრონის“ განშტოება „ექსბიბი.1.5“-ს აქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდის უპირატესობა ყველა სხვა ქვევარიანტთან შედარებით.
„ჩვენ კვლავ ვთხოვთ ჩინეთს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ უფრო სწრაფ, რეგულარულ და სანდო მონაცემებს. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ჩინეთში სიცოცხლის საფრთხის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, გამაძლიერებელი დოზების ჩათვლით, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დასაცავად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან. ჩინეთში ასეთი მაღალი ცირკულაციისა და ყოვლისმომცველი მონაცემების არარსებობის გამო, გასაგებია, რომ ზოგიერთი ქვეყანა დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიაჩნიათ, რომ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს. ეს მონაცემები სასარგებლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და მსოფლიოსთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაიზიარონ ის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.