ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიპის ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება, ქვეყანაში იმუნიზაციის კარგი ფონია შექმნილი
საქართველოში გრიპის ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„გრიპის სეზონი ახლოვდება, თუმცა ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება. იმუნიზაციის კარგი ფონი შექმნილია. სახელმწიფომ ვაქცინის 100 000 დოზა შემოიტანა და 90 000-ზე მეტი დოზა მაღალი რისკის ჯგუფებში უკვე იქნა გამოყენებული. ასევე იყო გარკვეული დოზა კომერციული ვაქცინაც. ამან, ბუნებრივია, შექმნა დაცვის საკმაოდ კარგი ფონი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რათა იქნას მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი. ასევე მობილიზებულია ჰოსპიტალები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, ასევე დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, რათა არ მოხდეს ვირუსის გადაცემა ოჯახის პირობებში.
„ასევე არის ხელმისაწვდომი მედიკამენტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოვიყენოთ და ამის მზაობაც ქვეყანას აქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.