ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, STOP COVID აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, STOP COVID აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ეპიდემიოლოგებს კონტაქტების მოძიებაში.
„ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ზაფხულის თვეებში შევიძინეთ ავსტრიული აპლიკაცია, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა კორეაში, სინგაპურში. დღესდღეობით, ევროპის არაერთი ქვეყანა იყენებს აპლიკაციას, რადგან ადამიანური რესურსი ნამდვილად არ არის შეუზღუდავი და მას გარკვეული დაზოგვა სჭირდება. ზაფხულში აპლიკაცია STOP COVID ჩამოტვირთა 217 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, 13 ათასზე მეტმა ადამიანმა გაგზავნა შეტყობინება, საიდანაც 17 ინფიცირებული ადამიანი აღმოვაჩინეთ. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მოქალაქეებთან, გამოიყენონ აპლიკაცია. თუ ჩვენ მეტად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და ადამიანურ რესურსებთან ერთად შევძლებთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მოხდება ვირუსის დროული იდენტიფიცირება, ინფექციის ჯაჭვის დროული გაწყვეტა, ამით ჩვენ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ჩვენს ეპიდემიოლოგებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.