ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და გერმანიის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა
კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა ის თემებია, რაც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოში გერმანიის ელჩმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიპლომატმა და მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყნისთვის ისტორიულია და ამ ქმედებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა მეტი დემოკრატიულობისკენ.
„დღეს საქართველოში ისტორიული დღეა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა და ძალაში შევიდა ისტორიული ცვლილება, რომლითაც ქვეყანაში შეიცვალა საარჩევნო სისტემა და გადაიდგა დიდი ნაბიჯი მეტი დემოკრატიულობისკენ. ეს შეუძლებელი იქნებოდა რომ არა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩების ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებები ქვეყნის მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. დიპლომატებმა მართლაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული იყო გერმანიის ელჩის წვლილი, სწორედ მისი პრინციპული, პატიოსანი და სამართლიანი მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
გერმანიის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში. დიპლომატმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლულარიზმს საქართველოს პარლამენტში.
როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქართველოში ჰუბერტ ქრინშმა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.