ჯანდაცვის კომიტეტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
ჯანდაცვის კომიტეტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. აღნიშნულ ინიციატივას კანონმდებლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გააცნობს.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს პროცედურულ საკითხებს. ცვლილებები შეეხება აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის შეჩერების წესის დადგენას, რაც, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აქამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული არ ყოფილა. ინიციატივის მიხედვით, ასევე გარკვეულწილად იზრდება რეგისტრაციის ვადები.

„მომზადდა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს მეტად პროცედურულ საკითხებს. ეს შეეხება აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის შეჩერების წესის დადგენას, რაც აქამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული არ ყოფილა. აქ არის ორი მომენტი: ერთი დაინტერესებული მხარის მოთხოვნით რეგისტრაციის შეჩერება და მეორე – ჩვენთვის თუ გახდა ცნობილი რომელიმე მარეგულირებლის მიერ მედიკამენტის ხარვეზის შესახებ, ეს შეიძლება, გახდეს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი. ეს პრაქტიკულად ასეც ხორციელდებოდა, მაგრამ პროცედურა გაწერილი არ ყოფილა და ამდენად ეს დააზუსტებს ამ ნაწილს. ასევე, გარკვეულწილად იზრდება რეგისტრაციის ვადები. რეგულირების სააგენტო მიიჩნევს, რომ მეტად ხარისხიანი პროცედურული წარმოებისთვის ის ვადები, რომლებიც განსაზღვრულია მედიკამენტის აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციისთვის, არ არის საკმარისი და ითხოვს ვადის გახანგრძლივებას შვიდი დღიდან 30 დღემდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.