ჯანდაცვის კომიტეტმა სკოლებში ექიმის ინსტიტუტის აღდგენის შესახებ კანონპროექტს პრინციპების დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტების განხილვამდე, ფრაქცია „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი ფაქტობრივად უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში აღიარებულია, რომ საექიმო შეცდომა არის დეკრიმინალიზებული თემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზებით და ამაზე პარლამენტს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.
„ამ შემთხვევაში მინისტრი უნდა აკეთებდეს ყველაზე მწვავე რეაგირებას ამ თემაზე და მინისტრი უნდა იყოს პირველ რიგში ამ პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ექიმის დამცველი“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცუდი ფაქტია, როდესაც ექიმის დაკავებას აქვს ადგილი და მან იმედი გამოთქვა, რომ „სამართალდამცავები სწორ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ და სიმართლე არ დაიკარგება“.
კომიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.
საკითხზე მომხსენებლის, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სკოლებში სამედიცინო სერვისების შეტანას. კერძოდ, კანონის მიხედვით, ყველა სკოლა იქნება ვალდებული მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.
კომიტეტის წევრების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სკოლებში საექიმო კაბინეტები 2002 წლამდე არსებობდა, შემდეგში კი მათი გაუქმება ნამდვილად არასწორი იყო და აუცილებელია, სკოლებში ექიმის ინსტიტუტი აღდგეს.
კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა დღესვე საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ მესამე მოსმენისთვის აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, იურიდიულ-ტექნიკური თვალსაზრისით გასწორდა. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანისთვის გაწეულ იქნა შრომატევადი სამუშაო და მნიშვნელოვანია, რომ შრომითი კანონმდებლობა ფუნდამენტურად იცვლება უკეთესობისკენ.
„კანონპროექტის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. არსებული გამოწვევების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროპული კავშირის დირექტივით და ILO-ს კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შეასრულებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს. ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი თავის მხრივ ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.