„შრომის უსაფრთხოების“ კანონპროექტით ის დარგები განისაზღვრება, რომლებზეც შრომითი ინსპექციის უფლებამოსილება გავრცელდება
საბოლოოდ, რედაქცია ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რომ სამი თვის ვადაში მთავრობა ვალდებული იქნება განსაზღვროს ის საქმიანობები და იმ დაწესებულებათა ნუსხა, რომელზეც გავრცელდება შრომის ინსპექტორის უფლებამოსილება, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიხედვით, ის დარგები განისაზღვრება, რომლებზეც შრომითი ინსპექციის უფლებამოსილება განხორციელდება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური შემოწმება განახორციელოს იმ საწარმოებზე, რომელთა ნუსხასაც მთავრობა განსაზღვრავს და შემდეგ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სხვადასხვა სანქციების გამოყენებით.
მისივე თქმით, დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ერთი მხრივ, პროცედურები და მეორე მხრივ, იმ სანქციების ოდენობები, რაც დაკავშირებული კანონპროექტის ამოქმედებასთან.
„საბოლოოდ, რედაქცია ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რომ სამი თვის ვადაში მთავრობა ვალდებული იქნება განსაზღვროს ის საქმიანობები და იმ დაწესებულებათა ნუსხა, რომელზეც განხორციელდება შრომის ინსპექტორის უფლებამოსილება. სამი თვის ვადაში ბიზნესი იქნება ვალდებული, შეასრულოს ყველა ის რეგლამენტი, რომელიც დადგინდება. ამის შემდეგ სრულად ექნება უფლებამოსილება შრომის ინსპექტორს განახორციელოს თავისი უფლებამოსილება აღნიშნული კანონით. კომიტეტის სხდომაზე დაფიქსირდა მოსაზრება და ეს საერთაშორისო ვალდებულებაცაა, რომ 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც სრულად მოიცავს ყველა დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორს ურთიერთობებს, რაც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან. ამ ეტაპზე ეს კანონპროექტი ეხება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან საქმიანობას“, – განაცხადა თადუმაძემ.
მისივე თქმით, შრომის ინსპექტორს რამოდენიმე შემთხვევაში შეეძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ობიექტზე შევიდეს.
„პირველი – როდესაც ის, გეგმურ შემოწმებას ახორციელებს, მეორე – როდესაც გეგმური ან არაგეგმური შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორს განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის და მისი რემონიტორინგის მიზნით შეიძლება შევიდეს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება შევიდეს უბედური შემთხვევის დროს. რომელ საწარმოებში განახორციელებს გეგმიურ შემოწმებას, ამას თავად შრომის ინსპექტორი იმ პოლიტიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს, რაც მას სამმხრივმა კომისიამ განუსაზღვრა. გეგმიური შემოწმება წელიწადში ერთხელ ხორციელდება. თუ რემონიტორინგი საჭირო გახდება ბუნებრივია, შესვლა წელიწადში რამდენჯერმეა შესაძლებელი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, საწარმოო პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, როდესაც კრიტიკული დარღვევებია.
„საწარმოო პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, როდესაც კრიტიკული დარღვევებია და თუ ეს კრიტიკული დარღვევები რეციდივის ხასიათს უღებს და მუდმივი დარღვევებია, ბუნებრივია, სახელმწიფო იტოვებს შესაძლებლობას გარდა შეჩერებისა ფულადი სანქციებიც დააწესოს. გამომდინარე იქიდან, რომ მძიმე, მავნე და საშიში პირობები კერძო სექტორის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბუნებრივია, მხოლოდ კერძო სექტორზე გავრცელდება”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.