ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს კანონის პროექტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გარკვეულია პირობები, რაც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა კორონავირუსის ვაქცინა დროულად მიიღოს.
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობა არის მარეგულირებელი გარემო და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ის მოთხოვნა, რაც პასუხისმგებლობების მკაფიოდ გამიჯვნის ნაწილში იყო, ქვეყანამ შეასრულოს, შევჯერდეთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობები გადანაწილდება იმგვარად, როგორც ეს ნაწილდება. მაგალითად, აქამდე ნაწილდებოდა ვაქცინაციის კალენდრით მოცული აცრების შემთხვევაში, იქაც მკაფიოდ არის განსაზღვრული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ეს პრაქტიკა ჩვეთვის არახალია. ასევე, მეორე მარეგულირებელი მოთხოვნა, რაც უცვლელი რჩება, გახლავთ მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ აღიარებული პროდუქტის შემოტანის შესაძლებლობა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია, რაც იქნება ხარისხის გარანტია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს ეროვნული კალენდრით მოცული პროფილაქტიკური აცრებისთვის.
კერძოდ, კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენები გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.
„ამდენად საჭიროა, რომ საკანონმდებლო დონეზე, ასევე, მკაფიოდ იყოს განსაზღვრული კანონმდებლის მიდგომა იმ ვაქცინებთან მიმართებაშიც, რომელიც არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში (კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც) არსებული ძირითადი პრინციპების შეუცვლელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო დონეზე შემუშავებულ იქნეს ისეთი ნორმა, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით, დაადგენს სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობის ფარგლებს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების პროცესთან მიმართებაში, რაც, ხელს შეუწყობს ვაქცინის საქართველოში დროულად შემოტანისა და ვაქცინაციის დროული დაწყების პროცესებისადმი სანდოობის განმტკიცებას“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.