ჯანდაცვის კომიტეტმა პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად სპეციალური ღონისძიებების 2022 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ხდება კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელიც მთავრობას პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად შესაბამის ბერკეტებს აძლევს.
„კანონპროექტის მიზანია, 2021 წლის პირველი ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, – განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ.
ცვლილებები ასევე შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“.
ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის პირველ იანვრამდე ექნებათ შესაძლებლობა, განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები.
კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაზა ლომინაძის, ირმა ზავრადაშვილისა და დავით სერგეენკოს საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლებიც გამარტივებული წესით განიხილება.