ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მედიკამენტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.