ჯანდაცვის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც კლინიკების რეგულირების გამკაცრებას ითვალისწინებს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას შეუჩეროს საქმიანობის უფლება, ვიდრე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს. პროექტის მიხედვით, საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ინიცირებულ ვერსიაში წარდგენილი იყო „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიც, რომლის თანახმადაც, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება ენიჭებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირი რეაგირება მოეხდინა პაციენტის საჩივარზე და სამედიცინო დაწესებულება მოსამართლის ბრძანების გარეშე შეემოწმებინა. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ პროექტში კი, ეს ნორმა ამოღებულია.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმების სიხშირეც. კერძოდ, თუ კანონის მოქმედი რედაქცია ასეთ შემოქმებას წელიწადში ერთხელ გულისხმობს, კანონპროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება, შერჩევითი კონტროლით, განხორციელდება საჭიროებისამებრ, წლის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ.
ამასთან, ცვლილებების პროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, განახორციელებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოსთან, რომლის ფორმასა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საქმიანობას დაიწყებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე ექვსი თვის განმავლობაში, ვალდებული არ იქნება, მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს ანგარიშგება. ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება მაკონტროლებელ ორგანოს, წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის წესდება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.