ჯაბა სამუშია - სტუდენტებთან შეხვედრა მქონდა, მათთან გულწრფელი ვიქნები, გარკვევით ვუთხარი, რომ არის ცალკეული საკითხები, რომლებზეც მუშაობას ხვალიდან დავიწყებ
სტუდენტებთან შეხვედრა მქონდა და ეს შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად წარიმართა, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ძალიან საინტერესო და კარგი ახალგაზრდები არიან, ქვეყანაზე და თავიანთ პრობლემებზე მოფიქრალი ახალგაზრდები. მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური ასე ვთქვათ, ფილოსოფიაც და ამა თუ იმ საკითხზე გარკვეული შეხედულებები. რა თქმა უნდა, მე ეს მიხარია, რადგან მათში გარკვეულწილად, ჩემი თაობის ახალგაზრდობა დავინახე, როდესაც ჩვენც რაღაცებზე ვფიქრობდით, რაღაცას ვაპროტესტებდით და ა.შ. მე მათ დავუდე პირობა, თუ თქვენ ჩემს არაგულწრფელობაში დარწმუნდებით, მოდით შვილო, მითხარით და მე შემიძლია გითხრათ, რომ წავალ მეთქი. არის რაღაც თემები, რაც შეიძლება, ვერ გავაკეთო, რადგან ზოგი ფინანსებზეა დამოკიდებული და ზოგიც სხვა საკითხებთან, მაგრამ გულწრფელობა სხვა რამეა და მე მინდა, ყველა სტუდენტთან, რომელიც უნივერსიტეტშია, გულწრფელი ვიყო. მე მათთან გულწრფელი ვიქნები და მათ გარკვევით ვუთხარი, რომ არის ცალკეული საკითხები, რომლებზეც მუშაობას ხვალიდან დავიწყებ“, – განაცხადა სამუშიამ.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრისას აკადემიური საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რაც ასევე მსჯელობის საგანია.
ჯაბა სამუშიამ ასევე განაცხადა, რომ რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხს უნივერსიტეტი ვერ გადაწყვეტს და ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს, ხოლო რაც შეეხება სტუდენტური საცხოვრებლების თემას, მაქსიმალურად შეეცდება, ეს პრობლემა დაძლეული იქნას.
„მოგეხსენებათ, ბინის ქირის ფასმა ძალიან აიწია ბოლო წლის განმავლობაში, ამან სერიოზული პრობლემა წარმოშვა, ამ პროტესტს სწორედ ეს ედო საფუძვლად და მე მათი მესმის, რადგან ეს პრობლემა არსებობს და ჩვენი ახალგაზრდები ამ პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ. ჩვენ გვაქვს სტუდენტური საცხოვრებლები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამატებითი ადგილები გვჭირდება. ჩვენ უკვე კონკრეტულად დავიწყეთ ფიქრი ამ საკითხის მოგვარებაზე და საცხოვრებლის მშენებლობა ძალიან მალე უნდა დაიწყოს. სტუდენტებს ამის პირობა მივეცი და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, ეს გარდაუვალია. ჩათვალეთ, ეს არის ჩემი, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთი პირველი საქმე“, – განაცხადა სამუშიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გადასახედი სტუდენტური თვითმმართველობის ორგანო და ხედავს თუ არა პრობლემას ამ მიმართულებით, რადგან სტუდენტები ამბობენ, რომ თვითმმართველობის ორგანოს რექტორამდე სტუდენტთა რეალური პრობლემები არ მიაქვს, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა უნდა არსებობდეს, როგორც სტუდენტთა ხმა და წარმომადგენლობა, მაგრამ უნდა მოხერხდეს ახალი არჩევნების მომზადება.
„დაე, თვითონ სტუდენტებმა გადაწყვიტონ. მე მათ გარანტიას ვაძლევ, რომ ადმინისტრაცია ამ პროცესში არანაირად არ ჩაერევა. ეს იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. თუ მათი სურვილია, სტუდენტები ერთად დასხდნენ და მოიფიქრონ, როგორი უნდა იყოს სტრუქტურა, არჩევნების წესი და ა.შ. ეს მათი საქმეა და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ საქმეში ჩავერიო“, – განაცხადა სამუშიამ.
როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, მისთვის უნივერსიტეტში არსებობს სამი ფასეულობა – უნივერსიტეტის ავტონომია, პროფესურა და სტუდენტობა, რომელსაც ყოველთვის პატივს სცემდა და მომავალშიც ასე იქნება, ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა, რათა შეიცვალოს ის რეალობა, რაც დღეს არის.