ჯაბა ჯიშკარიანი ლევან ხაბეიშვილზე - კლოუნებზე განცხადებებს ვერ გავაკეთებთ
ოპოზიციური აზრი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ კლოუნებზე განცხადებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ, – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული.
„ოპოზიციაც არის და ოპოზიციაც. ვიღაც კლოუნი, რომ რაღაც განცხადებას გააკეთებს, ამაზე ჩვენი მხრიდან განცხადების კეთება სისულელე და დროის კარგვა იქნება. ოპოზიციური აზრი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ყოველდღიური ცივი შხაპი, დაფიქრების საგანი, მაგრამ კლოუნებზე ჩვენ განცხადებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ყველა კანონის გათვალისწინებით იქნა აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მთავარ პროკურატურაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ხაბეიშვილი ტყემალაძეს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქმე ეხება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, რაზეც მისივე განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა.