ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა  
ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა  

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მთავარ პროკურატურაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ლევან ხაბეიშვილი გიორგი ტყემალაძეს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს.

ხაბეიშვილის თქმით, საქმე ეხება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, რაზეც მისივე განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა.

“როცა საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატების ხელფასებს, მათ პირად კეთილდღეობას ან ბიძინა ივანიშვილს, ამ შემთხვევაში, ისინი რიგგარეშე სხდომას ნიშნავენ. როცა საქმე ეხებოდა ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევას, კანონიერად ვითხოვდით რიგგარეშე სხდომის დანიშვნას. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დაარღვია კანონი, როცა ეს სხდომა არ ჩაატარა და მოგვწერა უარი ჩვენს განცხადებაზე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას, რომელიც პატიმრობით ისჯება.