იზიუმში, მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა
უკრაინის ძალების მიერ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში, მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. სულ აღმოჩენილია ოკუპანტების მიერ მოკლულთა 436 ცხედარი, რომელთა შორისაც არიან ბავშვებიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, ცხედრების უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის კვალი აღენიშნება, 30 ცხედარს აქვს წამების კვალი. ზოგიერთ კისერზე თოკი აქვს მობმული; ასევე, არის ცხედრები შეკრული ხელებით, მოტეხილი კიდურებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებებით. რამდენიმე მამაკაცს ამპუტირებული აქვს გენიტალიები.
აღმოჩენილ ცხედრებს შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია, 21 კი – სამხედროა.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, სერგეი პანტელეევის განცხადებით, მოკლულებს შორის 202 ქალი და ხუთი ბავშვია. 11 ცხედარი იმდენად დასახიჩრებულია, რომ მათი სქესის დადგენა სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ მოხდება.
პანტელეევის განცხადებით, ეს იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი ერთადერთი არ არის.