„იზიჯეტის“ წარმომადგენელი - ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ
ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ, – ამის შესახებ ავიაკომპანია „იზიჯეტის“ (easyJet) წარმომადგენელმა, გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „იზიჯეტი“ საქართველოში ოპერირებას დაიწყებს იმ ძალისხმევის ნიადაგზე, რომელიც არაერთმა უწყებამ გასწია.
„როგორც აღინიშნა, ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ერთ დღეში იქნა მიღებული. ჩვენ ამაზე ვმუშაობდით წლების განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ მომეცემა საშუალება, რამდენიმე საათით ტურისტად ვიგრძნო თავი თქვენს ქალაქში და განვიცადო ის სტუმართმოყვარეობა, რომელზეც ამდენი მსმენია. ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში. ჩვენ არა მხოლოდ ჟენევას, ლონდონსა და მილანს შევთავაზებთ საქართველოსა და თბილისს, როგორც ახალ ტურისტულ ლოკაციას, არამედ თქვენს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება, რომ ხელმისაწვდომ ფასად ესტუმრონ ჟენევას, ლონდონსა და მილანს“, – განაცხადა გარი ბატლერმა.
მისი თქმით, საქართველოს არის 37-ე ქვეყანა, რომელსაც კომპანია ამატებს თავის ბაზაში და რომლითაც ფართოვდება მათი ევროპული ქსელი.
„მომავალი წლის 31 მარტს უკვე ჟენევა-თბილისის პირველი რეისი შედგება და ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდან ფრენები დაემატება პირველი აპრილიდან. ჩვენ 186-ადგილიანი თვითმფრინავები შემოგვყავს საქართველოში. თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „იზიჯეტის“ 25 თვითმფრინავი იფრენს. ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. მაგალითად, 91 ევრო იქნება თბილისი-ლონდონი-თბილისის ფასი და მე ველოდები, რომ მომავალ წელს მოგვეცემა საშუალება, აღვნიშნოთ პირველი რეისის წარმატებით შესრულება“, – აღნიშნა გარი ბატლერმა.