იზაბელა ოსიპოვა - ჰონორარის სახით მიღებული თანხა მთლიანად თანამშრომელთა მიმართ ქველმოქმედებას მოხმარდება, უკვე არსებობს სიაც
იზაბელა ოსიპოვა - ჰონორარის სახით მიღებული თანხა მთლიანად თანამშრომელთა მიმართ ქველმოქმედებას მოხმარდება, უკვე არსებობს სიაც

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, იზაბელა ოსიპოვას განცხადებით, ჰონორარის სახით მასზე დარიცხული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

როგორც ოსიპოვა აცხადებს, სამუშაო შეხვედრებზე იყო მსჯელობა, რა სახით მომხდარიყო თანხის გაცემა და რადგან ფინანსისტებმაც სხვა ფორმა ვერ შესთავაზეს, ამიტომ დათანხმდა თანხის ჰონორარის სახით ჩარიცხვას.

„ჩემს ჯიბეში არც ერთი დამატებითი თანხა არ შემოვა და ეს თანხა, რასაც დამატებით მივიღებთ, სრულად წავა ქველმოქმედებაში. სიაც გადმოგვცეს. ძალიან ბევრ ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა. ზუსტადაც ამას ვეხმიანებით. მხოლოდ ამ ლოგიკით თანხმობა მივეცი ამ გადაწყვეტილებას, თორემ ჩემს ბიოგრაფიაშიც ნახავთ, რომ არც ერთი ზედმეტი თეთრი არასდროს არ მიმიღია. ჩემი კოლეგებიც ზუსტად ამ მდგომარეობაში არიან. არ ვიცი, თუ კიდევ ვინმეს გაუჩნდება კითხვა. იმედია, ვიქნებით უზრუნველყოფილი რამე საბუთით, ხელწერილით, რომ თანხა ნამდვილად მიდის მხოლოდ ქველმოქმედებაში“,- განაცხადა ოსიპოვამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე.