ივნისში აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში ივნისში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონსა და პორტლენდში ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები დააგემოვნონ.
დეგუსტაციების პარალელურად დაგეგმილია სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ, როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია უკვე გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქვევრის ღვინოს შესახებ სემინარი ჩაატარა. დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო 30-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი როგორც მცირე მარნის, ისე დიდი კომპანიის ღვინოები.
11 ივნისს დეგუსტაცია სან-ფრანცისკოში, ღვინის სკოლაშია დაგეგმილი; 12 ივნისს პორტლენდში, ხოლო 13 ივნისს ჰიუსტონში.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი.
„გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.