ივერი მელაშვილის მეუღლე - ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, გვინდა, პასუხი აგოს ხალხმა, ვინც ეს მოიგონა
სინამდვილეში, ვინც კარგად იცნობდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრებს, იციან, როგორი სუფთა და წესიერი ადამიანები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურასთან ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ განუცხადა.
სულაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავება უსამართლოდ მოხდა.
„უსამართლობაა ეს ყველაფერი. არ უნდა მომხდარიყო დაკავება, არც ველოდი, რადგან ეს ადამიანი ასი პროცენტით მართალია. არაფერი არ ჩაუდენია ისეთი, რასაც ასე ბინძურად აბრალებენ. ვაპირებთ სიმართლის გამოკვლევას და ბოლომდე ბრძოლას. გვინდა, პასუხი აგოს იმ ხალხმა, ვინც ეს მოიგონა. მოლოდინი მაქვს, რომ სამართალი თუ არსებობს ქვეყანაზე, უნდა გაამართლონ და თუ ყველაფერი ჩალით არის დახურული, მაშინ რა მოგახსენოთ. პოლიტიკას ვუკავშირებ, რადგან უნდათ პიარი გაეკეთებინათ არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, ამ პიარში არ სჭირდებოდათ ეს ხალხი, რადგან ესენი პოლიტიკური ხალხი არ არიან, მაგრამ პოლიტიკურ ხალხამდე რომ მისულიყვნენ, უნდა გადაევლოთ რაღაცაზე, სპექტაკლის დადგმა მოიფიქრეს და დადგეს ეს საზიზღარი სპექტაკლი“, – აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
კითხვაზე – თავის განცხადებაში გულისხმობს თუ არა, მიხეილ სააკაშვილს, სულაძე დადებითად პასუხობს.
„ტელევიზიაში ვერ ხედავთ ვის ადანაშაულებენ და რა ხდება და როგორ ხდება?! ალბათ, მასთან მისაღწევად უნდოდათ, რომ მის დროს მოხდა რაღაც, ეს საზიზღარი „ნაციონალები“ აპირებდნენ გაყიდვას რაღაცის და ეს ანგელოზი „ოცნების“ ხალხი მოვედით და შევაჩერეთ ეს საშინელება, – ამის პიარს აკეთებენ. ამით ახლა ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ არის საქმეში კარგად გარკვეული, იფიქრებს, რომ მართლა, უი, რა კარგები ყოფილან ესენი და ამით მოიპოვებენ მერყევ ხმებს, გადაიბირებენ თავისკენ. სინამდვილეში, ვინც კარგად იცის და იცნობდა ამ კომისიის წევრებს, იციან, როგორი სუფთა და წესიერი ადამიანები არიან“, – აცხადებს ივერი მელაშვილის მეუღლე.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.