ივანე მახარაძე - წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების ანალიზით რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებულ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ივანე მახარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75 მილიონი ლარი იყო, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკური რეკლამის დაახლოებითმა ღირებულებამ 30 მილიონი ლარი შეადგინა.
„ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ ჯამში დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებში არის მნიშვნელოვანი ცდომილება. კერძოდ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში აღნიშნულმა ცდომილებამ შეადგინა 244 000 ლარი დაახლოებთ, ხოლო სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში დაახლოებით, 170 000 ლარი“, – განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, მესამე მნიშვნელოვანი გარემოება არის ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამების გაზრდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო „რუსთავი 2“-მა და ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონმდებლობა არ ავალდებულებდა. შესაბამისად, აღნიშნული ლიმიტების გაზრდით, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო 388 წუთით უფრო მეტი უფასო პოლიტიკური დრო, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 მილიონ 200 ათასი ლარი იყო, ხოლო დავით ბაქრაძემ 200 წუთით მეტი დრო, რისი ღირებულებაც დაახლოებით 650 ათასი ლარი იყო“, – აღნიშნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა.
მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე კომისიამ არაერთი განცხადება გააკეთა წინასაარჩევნო პერიოდშიც.
„კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, თუმცა აღნიშნულით გარკვეულმა საარჩევნო სუბიექტებმა მიიღეს გაცილებით მეტი უფასო პოლიტიკური დრო, ვიდრე ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული და სხვა სუბიექტებთან მიმართებაში, იყო უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება“, – განაცხადა მახარაძემ.
2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააკეთა. კომისიის ინფორმაციით, ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. ამასთან, კომისიის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა.