ივანე მახარაძე - პოლიტიკური რეკლამის ჭრილში ბევრი ისეთი დარღვევა გამოჩნდა, რაც აქამდე არ ყოფილა, ბევრი მაუწყებლის მიერ იზღუდება მაყურებელთან სათქმელის მისატანი მნიშვნელოვანი კომუნიკაციის სახე
პოლიტიკური რეკლამის ჭრილში წელს ბევრი სხვა დარღვევა გამოჩნდა, რაც აქამდე არ ყოფილა და ვიმყოფებით უპრეცედენტო გარემოში, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.
„მოხდა ასეთი რამ, რომ კონკრეტულმა მაუწყებლებმა, „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად გააჩერეს „ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკური რეკლამები, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო, ის შეიძლება, სიძულვილის ენას შეიცავდესო. შემდგომ შემოვიდა საჩივარი კომისიაში, რათა კომუნიკაციების კომისიას ეს საკითხი განეხილა. ყველაზე სამწუხარო იყო ის, რომ მაუწყებლების წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს, რომ, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, ოქმს შეადგენს თუ არ შეადგენს, მერე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ამ პოლიტიკურ რეკლამებს არ განვათავსებთო. იმავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის და წევრების მიერ გაკეთდა განცხადებები და, ფაქტობრივად, მოწოდება მაუწყებლებისადმი, რომ ეს შეიძლება, გამხდარიყო ძალიან საშიში პრეცედენტი და შეიძლება გამოეწვია ისეთი რამ, რომ უკვე სხვა მაუწყებლებს სხვა საარჩევნო სუბიექტების რეკლამები არ განეთავსებინათ. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ საარჩევნო გარემოში, როდესაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის სახე, რაც პოლიტიკურ პარტიას გააჩნია, რომ სათქმელი მაყურებელთან მიიტანოს, იზღუდება უკვე ძალიან ბევრი მაუწყებლის მიერ. ანუ, რაც კომისიამ ივარაუდა, ზუსტად ის მოხდა“, – განაცხადა მახარაძემ.
როგორც ივანე მახარაძემ აღნიშნა, კომისია მაუწყებლებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ასევე მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომ ისინი ჩაერთონ ამ საკითხში და ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სანქციებს ითვალისწინებს ეს ქმედება და სადამდე შეიძლება, ეს ყველაფერი მივიდეს, ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ თეორიულად, მაუწყებლობის კანონი ითვალისწინებს ჯერ წერილობით გაფრთხილებას, შემდეგ – ჯარიმას, უფრო მაღალ ჯარიმას და ავტორიზაციის შეჩერების შესაძლებლობას, თუ დარღვევის აღმოფხვრა არ ხორციელდება, რაც არასდროს არ განხორციელებულა.
„კომისია თავად არ აჯარიმებს მაუწყებელს, უბრალოდ, ადგენს ოქმს, რომელიც იგზავნება სასამართლოში და უკვე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის დაკისრების ან არდაკისრების თაობაზე. ამ ჯარიმის ოდენობა არის 5 000 ლარი. ყოველი ახალი არგანთავსება, ფაქტობრივად, შეგვიძლია, აღვიქვათ, როგორც ახალი სამართალდარღვევა. ამიტომ რამდენიც იქნება განხილვა და რამდენი ოქმიც იქნება, იმდენჯერ შეიძლება, ეს თანხა დააკისროს მაუწყებელს სასამართლომ“, – განაცხადა მახარაძემ.