ივანე მაჭავარიანი - ხაზარაძის შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცი და რა გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არა
ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„იცით, როგორ მისვამთ კითხვას? რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი, იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე. არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ რის სანდო. მე ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ. დანარჩენი, თქვენ მითხარით ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო“, – განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს.
აღნიშნული კომენტარი მაჭავარიანმა მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც დღეს პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.