ივანე მაჭავარიანი - ტელეკომპანიები, მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ხუთ წელიწადში გრაფიკით სრულად გადაიხდიან გადასახადებს
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მსხვილი ტელევიზიები თავს არიდებდნენ დეკლარირებული გადასახადების გადახდას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
მისი თქმით, გადასახადებისგან თავის არიდება ბიუჯეტს შემოსავლებს აკლებდა, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებდა შედარებით მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას.
„მინდა, შევეხო რამდენიმე სიტყვით ტელევიზიების საკითხს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მსხვილი ტელევიზიები თავს არიდებდნენ დეკლარირებული გადასახადების გადახდას. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავდა ბიუჯეტში შემოსავლების დაკლებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებდა შედარებით მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას. ჩვენ გასულ წელს საჯაროდ განვუმარტეთ ტელევიზიებს, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას არ ვაპირებდით და ყველას მოვთხოვეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, ეს პოლიტიკა თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად, აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს.
„ჩვენ მიერ გატარებულ ღონისძიებებს 2020 წლის ბოლომდე დამატებით 22 მლნ ლარის შემოსავალი მოაქვს ბიუჯეტში. რაც შეეხება ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს, როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს ჩვენ აქტიური კომუნიკაცია დავიწყეთ ტელემაუწყებლებთან. მათი მხრიდან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდებოდა დაგროვილი დავალიანების დაფარვა. დღეის მდგომარეობით, შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ, უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მინისტრი ამბობს, აღნიშნული გრაფიკი ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება. ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადების სრულად გადახდით, ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.