ივანე მაჭავარიანი - ტელეკომპანიების დავალიანებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ზუსტი პირობები „მინისტრის საათის“ დროს მეცოდინება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ტელეკომპანიების დავალიანებებთან დაკავშირებით შეთანხმების ზუსტ პირობებზე ინფორმაციას საზოგადოებას, სავარაუდოდ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლის დროს მიაწვდის.
მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ამ დროისთვის უკვე მიიღწევა და დაზუსტდება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი ის იყო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, პირველი ოქტომბრის შემდეგ რაც კი ვალი დაუგროვდათ, გადაიხადონ და სამომავლოდ არ ხდებოდეს ვალების დაგროვება. მეორე ნაწილი იყო, რას ვუშვებოდით ძველ ვალებს. ძველ ვალებზე გაჭიანურდა შეთანხმების პროცესი, რადგან მართლა უჭირდათ და რთული იყო მათთვის ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ვითხოვდით, თუმცა მათი შემოთავაზებული ვადებიც საკმაოდ გრძელი იყო. შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ვადა, მათ შორის 10 წელიც დასახელდა. პარლამენტში მაქვს „მინისტრის საათი“. ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ „მინისტრის საათის“ დროს უკვე მეცოდინება შეთანხმების ზუსტი პირობები და იქ გავაჟღერებ“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, ძალაში რჩება პირობა, რომ ვალი არავის უნდა დაუგროვდეს.
„ამავდროულად, რასაკვირველია, დაცული უნდა იყოს პირობა, რომ ვალი არავის უნდა დაუგროვდეს და ეს არ უნდა გენერირდებოდეს. მინდა, გითხრათ, რომ ფისკალურად ძალიან მნიშვნელოვან თანხაზეა საუბარი, რომ ვნახოთ, 2020 წელს რა თანხას ველოდებით აქედან. თუ ყველა კეთილსინდისიერად გადაიხდის, ძალიან შთამბეჭდავი იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.