ივანე მაჭავარიანი - სამშენებლო სექტორში შენელება რეგულაციებამდეც შეინიშნებოდა, ამიტომ იპოთეკაზე დამატებითი რეგულაციების მომხრე არ ვიყავი
ივანე მაჭავარიანი - სამშენებლო სექტორში შენელება რეგულაციებამდეც შეინიშნებოდა, ამიტომ იპოთეკაზე დამატებითი რეგულაციების მომხრე არ ვიყავი

საბანკო რეგულაციების სულისკვეთებასა და პრინციპებს ვეთანხმებოდი მაშინაც, ახლაც და ალბათ, მომავალშიც დავეთანხმები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

ჭიაბერაშვილმა სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება გაიხსენა და ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით რამ შეაშინა.

„დარწმუნებული ვიყავი, ამ კითხვას დამისვამდით. ერთადერთი კითხვა, რომელიც გამოვიცანი, ეს არის. დრამატულს ვერც მაშინ ვხედავდი რამეს და ვერც ახლა. ძირითადად, ამ რეგულაციების სულისკვეთებასა და პრინციპებს, რაზეც აეწყო  საბანკო რეგულაციები, ვეთანხმებოდი მაშინ, ახლაც და ალბათ, მომავალშიც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მან განმარტა, რას გულისხმობდა, როცა განაცხადა, რომ ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციებს არც ადრე ეთანხმებოდა და არც ახლა.

„ერთი მხრივ, ვიცოდით, რომ სამშენებლო სექტორში შენელება ისედაც შეინიშნებოდა რეგულაციებამდე. ეს იყო უფრო ნებართვებთან და გამკაცრებულ სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აუცილებელია. ეს იყო ერთი საკითხი. მეორე, რაც ანელებდა სამშენებლო სექტორს, ეს იყო 200 000 ლარიანი შეზღუდვის შემოღება მოკლე ვადაში (პირველი იანვრიდან 200 000 ლარამდე სესხი დოლარში აღარ გაიცემა). ეს ანელებდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და ლარიზაციისკენ გადადგმული ძალიან სწორი ნაბიჯია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამასთან, ერთად, იმ ეტაპზე კიდევ დამატებითი რეგულაციების მომხრე არ იყო.

„ამასთან ერთად, ​ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციების, იპოთეკასთან დაკავშირებული კიდევ მეტი რეგულაციების მომხრე არ ვიყავი. ჩემი მოსაზრება იყო შეგვეხედა ბაზრისთვის, სექტორისთვის და შემდეგ განგვეხორციელებინა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, უმნიშვნელო უთანხმოება იყო შემოსავლების დადასტურების მექანიზმსა და ოდენობაზე.

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი. ის არის გაცილებით უფრო ფრთხილი, ვიდრე ზოგადად, ხელისუფლება. ყველა ქვეყანაში ასეა. მე კიდევ ერთ ინტრიგას მოგცემთ, რაში შეიძლება, იყოს ჩემი და კობა გვენეტაძის უთანხმოება და ასე ვთქვათ, ინტრიგა. მაგალითად, როდესაც მთელ მსოფლიოში კრიპტოვალუტაზე და სუვერენულ ვალუტაზეა საუბარი, არც ერთი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ამის მომხრე არ არის, თუმცა მთავრობის წევრები, რომლებიც ფისკალურ პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებელი, მათ უხარიათ და მიაჩნიათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ? ისინი ხედავენ აქ ფისკალური გაჯანსაღების, გადასახადების მოგროვების მეტ შესაძლებლობებს და შესაბამისად, ბუნებრივად, აქეთ მიიწევენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ძირითადად, ეროვნულ ბანკთან აბსოლუტური თანხმობაა მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე.

„ძირითადად, ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვაქვს აბსოლუტური თანხმობა მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე, განაკვეთებზე შეიძლება, იყოს უმნიშვნელო სხვაობა და ეს არის ნორმალური“, – განაცხადა მაჭავარიანმა.