ივანე მაჭავარიანი - მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს
საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გააკეთა, სადაც მან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაინერგება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, ინფრასტრუქტურული პროექტები წინასწარ გათვლილი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიხედვით შეარჩიოს.
„სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი ფისკალური წესების დოკუმენტი, მიმდინარეობს მუშაობა დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების ავტომატური სისტემის, ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემის დანერგვასა და სხვა რეფორმებზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.