ივანე მაჭავარიანი - ლარიზაციის საკითხში უკან დახევას არ მივესალმები
ლარიზაციის საკითხში მაინცდამაინც უკან დახევას არ მივესალმები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა ლარიზაციასა და ამ კონტექსტში დოლარში დაკრედიტებაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირების საკითხზე.
მისი თქმით, ზღვარის შემცირებამ შესაძლოა, მოკლე ვადაში ბაზარზე დოლარის მიწოდებას სტიმული მისცეს, მაგრამ ტოვებს რისკებს იპოთეკური სესხის ამღებთათვის.
„ლარიზაცია მნიშვნელოვანი თემაა. ბევრი სვამს კითხვას 200 ათას ლარიანი ზღვრის დაწევაზე. ერთი მხრივ, შემცირებამ შეიძლება, მოკლე ვადაში მცირედით უფრო დაასტიმულიროს დოლარის მიწოდება ბაზარზე, მაგრამ ეს ვერ იქნება ძალიან მასიური. მეორე მხრივ, სამომავლო რისკებს მაინც უტოვებს ადამიანებს, ვინც 10, 15, 20 წლის განმავლობაში მუდმივად დოლარში უნდა გაისტუმრონ იპოთეკური სესხები, ანუ შემოსავალი აქვთ ლარში, შემდეგ უნდა გადაახურდაონ, იყიდონ დოლარი და ასე გაისტუმრონ ვალი. ეს მომავალ წლებში დოლარზე ზეწოლას ინარჩუნებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სამშენებლო ბიზნესისთვის 200 ათას ლარიანი ზღვარი არ არის მთავარი პრობლემა.
„სამშენებლო ბიზნესს ყველაზე მეტად რა აწუხებს, დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის 200 ათას ლარიანი ზღვარი? არ ვფიქრობ, ეს იყოს ყველაზე მთავარი თემა. მგონია, რომ ზოგადად შემოსავლების დადასტურების ნაწილში და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ნაწილში შემდგომ შემსუბუქებებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ სხვა ტიპის საკითხებზე, თუმცა ჩემი მოსაზრებაა, მე ლარიზაციას არ შევწირავდი ამ თემას. ლარიზაციის ნაწილში მაინცდამაინც უკან დახევას არ მივესალმები. თუმცა ამით შეიძლება, ერთი მხრივ, სტიმული მივცეთ სამშენებლო სექტორს და ლარსაც ზეწოლა შევუმსუბუქოთ, მაგრამ ლარზე ზეწოლა სამომავლოდ გადაგვაქვს. ამიტომ ეს აწონ-დაწონვის საკითხია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.