ივანე მაჭავარიანი - ხორბლის იმპორტიორებისთვის სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვა არის სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება
ხორბლის იმპორტიორებისთვის სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვა არის ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მანქანებით ხორბლის ტრანზიტი იწვევდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გრძელ რიგებს, რის გამოც ტურისტების შემოსვლა ფერხდებოდა. მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნული გადაწვეტილება ქვეყნის ეკონომიკაში დისონანსს არ შემოიტანს და საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ცივილური გზით მოხდება.
„ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ ხდება. საქართველოს ტერიტორიაზე მანქანებით ხორბლის ტრანსპორტირებასა და ტრანზიტზე შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე იყო ძალიან დიდი რიგები, ტურისტები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით, ეს პრობლემა აღინიშნებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, ყოველთვის ამ გზით ხდებოდა ხორბლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში და ასევე საქართველოში შემოტანა. ჩვენი აზრით, ეს არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც არანაირ გაძვირებასთან არ ექნება კავშირი. ეს არის ცივილიზებული და სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან კონსულტაციების გასამართად და მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორბლის საზღვაო გადაზიდვა რომელიმე ერთ კომპანიას აქვს მონოპოლიზებული.
„რასაკვირველია, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ყველასთან. არავის არ მივატოვებთ, მოვისმენთ ყველას აზრს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის საჭირო გადაწვეტილება. არამგონია, რამე მონოპოლია არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება განვითარდება და გაცილებით მეტი მოთამაშეც იქნება წარმოდგენილი.
დღეს პრაქტიკულად არ ხდებოდა ამ არხის გამოყენება ხორბლის გადაზიდვებისთვის და აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთი კომპანია არსებობდა, მაგრამ არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. მგონია, რომ იქაც იქნება კონკურენცია, რაც უფრო ქვევით დაწევს ტრანსპორტირების ხარჯს. ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწვეტილება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.