ივანე მაჭავარიანი - გავაჩერეთ ხელფასების მატება, შევზღუდეთ პრემიები, მაგრამ პენსიის ზრდის დანაპირებზე უარი არ ვთქვით, პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან
პენსიების ზრდასთან დაკავშირებული პირობა შენარჩუნებულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წლის დასაწყისში 20 ლარით გაეზარდა პენსია ყველა პენსიონერს.
„ასევე, ამ წლის ბიუჯეტში ჩადებული იყო, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდებოდა კიდევ 30 ლარით. ეს შენარჩუნდა, ანუ ეს პირობა შენარჩუნდა. სხვაგანაც გვქონდა, ზოგან მატება იყო ხელფასების, მაგრამ გავაჩერეთ, როგორც პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, მაგრამ პენსიებზე, ამ დანაპირებზე უარი არ ვთქვით. პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამასთან ერთად, მთავრობამ წარადგინა პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა.
„აღნიშნული ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით – 70 წლამდე პენსიონერს პენსია გაეზარდოს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს გაეზარდოს ინფლაციით, პლიუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით. თუმცა მინიმუმ, თანხები უნდა იყოს 20 ლარი 70 წლამდე ასაკის პენსიონერისთვის და 25 ლარი მეორე კატეგორიისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს გაიწერება კანონში და აღარ იქნება მთავრობის, რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრეცია, როგორ უნდა მოხდეს წლიდან წლამდე პენსიების ზრდა.
„ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი. მინდა, გითხრათ, რომ ეს გაჯანსაღებასაც ხელს უწყობს, ფისკალურად პროგნოზირებადსაც ხდის და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკურ შლეიფს, პოლიტიკური პოპულიზმის შლეიფს აშორებს იმ სენსიტიურ თემას, როგორიც არის ჩვენს ქვეყანაში პენსიების ზრდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.