ივანე მაჭავარიანი - გამოყენებული იყო სიტყვები „ჯღანი ტურისტები“, რაც არ არის სწორი, ჩვენთვის ყველა ტურისტი მნიშვნელოვანია
საქართველოში ტურისტების არამხოლოდ რაოდენობრივი ზრდა ფიქსირდება, არამედ თითოეულ ტურისტზე მიღებული შემოსავალი იმატებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბიუჯეტის 2019 წლის პროექტის წარდგენისას, პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში ძალიან არასამართლიანად და უპასუხისმგებლოდ ითქვა, თითქოს, ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ტურიზმი. ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როგორიც არის „ჯღანი ტურისტები“. ჯერ ერთი, რომ ეს არასწორია და ჩვენ გვაქვს ხარისხობრივი გაუმჯობესება ტურიზმში, არა მარტო რაოდენობრივი ზრდა გვაქვს ტურისტების, არამედ თითოეულ ტურისტზე მიღებული შემოსავალი მატულობს. საქართველოში არამეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რიცხვი მატულობს. ესეც ხარისხობრივი კომპონენტია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ლოჯისტიკურად მარტივია, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, მაგრამ როცა არამეზობელი ქვეყნებიდან სპეციალურად ირჩევენ საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას, ნიშნავს, რომ ქვეყანა ძალინ მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს.
„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვისხდეთ და ვარჩიოთ, ვინ არის კარგი და ცუდი ტურისტი. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ყველა ტურისტი მნიშვნელოვანია და ზუსტად ეს მაგალითია, როგორ შეიძლება რაოდენობა ხარისხში გადაიზარდოს. დროთა განმავლობაში, ჩვენ აქაც ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან ხარისხობრივ გაუმჯობესებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სესიაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ