ივანე მაჭავარიანი - გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალი დონე აღინიშნა.
ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგს, იქ არის ერთ-ერთი ინდიკატორი „მთლიანი საგადასახადო განაკვეთი“, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ საგადასახადო წნეხი. ამ რეიტინგში ვართ მესამე ადგილზე. ამ ნიშნულზე საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა. გვისწრებს მხოლოდ ვანუატუ და ბრუნეი. ერთი არის მცირე სახელმწიფო, ხოლო მეორე, ასევე პატარა, ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა. ანუ, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის, ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე მცირე გადასახადებით. თუმცა, გადასახადების მობილიზაციის მაღალი დონე, მიუთითებს ჩვენს ძალიან მაღალ პროდუქტიულობაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში საქართველო წარმოდგენილია, ფისკალური მმართველობის ეფექტიანობის კუთხით როგორც მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მაჭავარიანი კომიტეტზე საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. საკომიტეტო მოსმენა კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით იმართება.