ივანე მაჭავარიანი - ფინანსური ანგარიშგების შეფასება საჯარო ფინანსების მართვის სფეროში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოსთვის საჯარო ფინანსების მართვა პრიორიტეტს წარმოადგენს, – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს შეუძლია საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად ობიექტური ინფორმაცია მიიღოს.
მისი თქმით, ანგარიშგების 2017 წლის შეფასება იმ პროგრესზე მიუთითებს, რომელიც ქვეყანამ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით გაიარა.
2017 წელს სახელმწიფო ფინანსების მართვის განხორციელებასთან დაკავშირებით თვითშეფასება ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად განახორციელა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წელს მსოფლიო ბანკმა აღნიშნული შეფასება გადაამოწმა და დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ნამდვილად აისახა საქართველოს ფინანსების მართვის მენეჯმენტზე. მისივე თქმით, ყველა ინდიკატორში, რომელიც წარმოდგენილია მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს აქვს გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი პროგრესი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული თვითშეფასების შედეგს, რომელიც დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
დღევანდელი ღონისძიება მსოფლიო ბანკის მიერ იყო ორგანიზებული.