ივანე მაჭავარიანი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ, სადაც განხილული იყო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საქართველოს და ბულგარეთს.
„საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებდა საქართველოსა და ბულგარეთს. ისინი აღგვიქვამენ, როგორც კარიბჭეს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიისკენ და ჩვენ ჩვენი მხრივ, მათ აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს ევროპისკენ. შესაბამისად, ჩვენს შორის ურთიერთობები, შავი ზღვის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინქი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.
„საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის, ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა“, – განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.