ივანე მაჭავარიანი - ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ იმპორტის ნებისმიერ ფასად ჩანაცვლება არ გვაწყობს
ივანე მაჭავარიანი - ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ იმპორტის ნებისმიერ ფასად ჩანაცვლება არ გვაწყობს

ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ იმპორტის ნებისმიერ ფასად ჩანაცვლება არ გვაწყობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრს ელექტროენერგიის იმპორტთან და ენერგეტიკული პროექტების შეფერხებასთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ დაუსვა.

„2019 წელი ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 220 მილიონი ლარის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რომელშიც არ შედის გაზის იმპორტი თბოსადგურებისთვის. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ინვესტორებს აქვთ გარკვეული შეფერხებები უკვე ხელმოწერილი მემორანდუმის და წარმოდგენილი გარანტიების პირობებშიც კი, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩერდება გარკვეული უწყებების მიერ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა არის ამ პროექტების შეფერხების მიზეზი და რით არის ეს განპირობებული? უმეტეს შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს თავის დროზე აღებული აქვს ვალდებულება გარანტირებული ელექტროენერგიის შესყიდვის თვალსაზრისით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ეს საკითხები გახდეს სადაო, სადაც დიდი ალბათობით, სახელმწიფო ძალიან ბევრ საქმეს წააგებს? ვინ აგებს ამაზე პასუხს, რამდენად დადებითად აისახება ეს რეალობა საინვესტიციო გარემოზე საქართველოში“, – მიმართა კითხვით პარლამენტის სხდომაზე ოთარ დანელიამ ივანე მაჭავარიანს.

მაჭავარიანის თქმით, ყველა ენერგეტიკული პროექტი მისაღები არ არის.

„ყველა ის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც შემოტანილია და, რომელიც ითხოვს სახელმწიფო გარანტიას, არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად გავდივართ საკმაოდ დეტალურად ამ ინფორმაციას. რისკის აღების შესაძლებელი ზედა ზღვარი სავალუტო ფონდთან შეთანხმებით იყო დადგენილი და მათი რეკომენდაცია არის, რომ ჩვენ ეს ზღვარი ჩამოვწიოთ, ან პრაქტიკულად უარი ვთქვათ ე.წ. PPP-ებზე, რომელიც არის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტები. ძალიან საინტერესო რეფორმა მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროში ბაზრის ლიბერალიზების კუთხით. ენერგეტიკის რეფორმა საკმაოდ კარგად დაიძრა, ინერგება ახალი სისტემები. გვინდა, საბაზრო პრინციპებმა ​მაქსიმალურად იმუშაოს ელექტროენერგიის ბაზარზე, იქ დგინდება ფასი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შესაბამისად, სადაც იქნება მომგებიანი და მიზანშეწონილი, იქ აშენდება ჰესი თუ თბოელექტროსადგური, სადაც უფრო უპრიანი იქნება, განხორციელდება იმპორტი.

„ის, რომ რაღაც სფეროში იმპორტი არსებობს, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარანტიებს გავცემთ, ავიღებთ რისკებს, რადგან ეს იგივე ვალის აღებაა. არ არის სწორი პრაქტიკა, საფრთხილოა. არის შემთხვევები, სადაც შეიძლება, გამოვიყენოთ გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა, მაგრამ ეს იქნება გამონაკლისი შემთხვევები. რაც შეეხება დაწყებულ პროექტებს, თუ რისკები არის, რომ სახელმწიფო სამართლებრივ დავაში შევიდეს და, სადაც ვალდებულებებია აღებული, რასაკვირველია, ჩვენ ამ საკითხებს რისკების გათვალისწინებით გადავწყვეტთ. მაგრამ ისე ხელაღებით არა, როგორც მანამდე. იგულისხმებოდა, რომ ენერგეტიკაში თუ გინდათ ინვესტიცია, მხოლოდ სახელმწიფო გარანტია გჭირდებათ, არ არის ენერგეტიკა ისეთი სფერო, რომ მხოლოდ სახელმწიფო გარანტია გჭირდებათ, ამას ნელნელა ვშორდებით და ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ენერგეტიკაც იყოს საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილი სფერო. მთელ რიგ შემთხვევში, იმპორტი არ არის ცუდი მოვლენა, თუ ის ეკონომიკურად უფრო გამართლებულია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ვითარება უნდა წავიდეს იმ გზით, რაც უზრუნველყოფს დაბალ ფასებს.

მინისტრი ამბობს, რომ თითოეული შემთხვევა განიხილება და ყველა გადაწყვეტილება გამჭვირვალე იქნება.