ივანე მაჭავარიანი - დეპუტატებმა, რომლებმაც წერილი მოგვწერეს, პარლამენტის სხდომა დატოვეს და არანაირი კითხვა არ დაუსვამთ
მესმის, რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე კომიტეტის სხდომაზე, თუმცა რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე სწორედ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მანამდე წერილიც გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოდიოდა მინისტრის საათის ფორმატში და იქ გასცემდა პასუხს ყველა კითხვას.
„თქვენ ნახეთ პარლამენტის სხდომაზე, რომ დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც წერილი მოიწერა. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დაუსვამთ. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი არ უნდოდათ. მიაჩნიათ, რომ ეს მისვლის ფორმატი იძლევა რაღაც მეტი სპეკულირების საშუალებას. საუბრობენ, რომ ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. თუ რეგლამენტი იმისთვის გვინდა, რომ ანგარიშვალდებულება იყოს, პარლამენტში ეს არაერთხელ გავაკეთე. ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის, ეს არის ცირკების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ, რამდენიც უნდათ“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნა, მას ჰქონდა მინისტრთან კომუნიკაცია, მაგრამ ივანე მაჭავარიანი ვერ დაარწმუნა საკომიტეტო მოსმენას დასწრებოდა. „მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა, მოვიდეს სესიაზე და იქ ახსნას ყველა საკითხი, თუ დარჩება კითხვები, თანახმაა, რომ კომიტეტზეც მოვიდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.