ივანე მაჭავარიანი - დარწმუნებული ვარ, არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება, დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს.
კითხვაზე, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ 2018-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 526 038 ლარის დანამატი გაიცა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ კომპენსაციები, რომელსაც გაცემის საფუძველი არ აქვს, არ ერთი უწყებიდან არ გაიცემა.
„დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაული და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს, თუ რაღაც დოკუმენტაცია არის მოსაწესრიგებელი, ან რაღაც სხვა ტიპის ბაზა შესაქმნელი, ეს სხვა საკითხია. ეს შეიძლება ფორმის საკითხი იყოს და ხშირად არის, როდესაც სახელმწიფო აუდიტი რაღაც საკითხებზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე, ეს არის მათი ფუნქცია, მაგრამ შინაარსობრივად მე არ მგონია, რომ ეს უსაფუძვლო ყოფილიყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 526 038 ლარის დანამატი გაიცა.