ივანე მაჭავარიანი - ჩვენი პრიორიტეტია, მედიასივრცეში ერთხელ და სამუდამოდ საგადამხდელო კულტურა დამკვიდრდეს
ჩვენი პრიორიტეტია, მედიასივრცეში ერთხელ და სამუდამოდ საგადამხდელო კულტურა დამკვიდრდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიების დავალიანებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„გუშინ და გუშინწინაც გაიმართა შეხვედრატელეკომპანიების მენეჯმენტთან. მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის, რომ ამ სფეროში მოვაწესრიგოთ გადახდა და საგადამხდელო კულტურა დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ მედია სივრცეში. დამერწმუნეთ, მოკლე ვადაში, შეიძლება თითოეული მედია და თქვენც შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ერთი წელი, ორი წელი არ გადაიხადოს. შეიძლება ეს კონკრეტული მედიისთვის კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ პრაქტიკას მაინც სიმახინჯემდე მივყავართ. მერე აღარც მედიაა მედია და არც ბიუჯეტია ბიუჯეტი“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრის თქმით, მათი მთავარი მიზანია, გადასახადი ყველამ გადაიხადოს.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ გადაიხადოს გადასახადი. ვიცით, რომ ის დაგროვილი ვალები ძალიან მძიმეა. ჩვენ გრაფიკზე ვსაუბრობთ. ეს გრაფიკი ალბათ გრძელვადიანი იქნება, რადგან აქ არის მნიშვნელოვანი, რომ მედიის დახურვა არ გამოიწვიოს. აი ამ იდეით, რომ მედია არ დაიხუროს, მიმდინარე გადასახადის დაგროვება ხდებოდა, რაც აღარ უნდა მოხდეს.
ფინანსური მდგომარეობა ვნახეთ ყველასი, ანალიზი გაკეთებული გვაქვს. არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მიმდინარე თუ ვერ გადაიხადა, დაიხურება. არ არის ასეთი მდგომარეობა. რატომ აგროვებდნენ? ბოროტად იყენებდნენ უბრალოდ, როგორც ყოველთვის. ტრადიციულად ასე იყო, ეს არ არის ახალი მოვლენა. მედიასაშუალებების ნაწილი ტრადიციულად იგროვებდა ვალს. დაგროვილის ერთბაშად გადახდა, რა თქმა უნდა, დახურვას გამოიწვევს, ამიტომ აქაც რაღაცნაირად, შეჯერებული და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. თუმცა მიმდინარეზე გაცილებით მტკიცე“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.