ივანე მაჭავარიანი - ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან არის უკვე ომი, მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, უფრო ვერაგი
ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან ეს არის უკვე ომი და ომის მდგომარეობაში ვართ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ხელისუფლების და მოქალაქეების მთელი ძალისხმევა პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს პანდემიის შეჩერებაზე.
„ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან, პრაქტიკულად, როგორც დღეს ხშირად ამბობენ, ეს არის უკვე ომი და ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ვერაგი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მთელი ძალისხმევა ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს ამ პანდემიის შეჩერებისა და საბოლოო ჯამში მისი ამოძირკვისკენ. მინდა, გითხრათ, რომ ამ მხრივ საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ასე უნდა გაგარძელდეს და შემდეგ საქართველოს ეკონომიკას აქვს წინაპირობები იმისა, რომ განვითარების ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.
„ეს უნდა გაგრძელდეს და ამის შემდგომ დარწმუნებული იყავით, რომ არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, სტიმულირების მექანიზმებით, რომლებსაც დღეს ვამუშავებთ პარტნიორთან ერთად, ძალიან მალე დავუბრუნდებით განვითარების იმ ტემპებს და ნიშნულს, რომელიც გვქონდა სულ რამდენიმე კვირის წინ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.