ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი მაკდონალდმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.
აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობის მიმართულებით.
„ბანკის დაფინანსებით ხორციელდება ქვეშეთი-კობის 22.7 კილომეტრიანი გზისა და ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით.
ასევე, აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პროცესში“, – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების პარტნიორობის სექტორებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სფეროში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმა, რომლის მიმართ აზიის განვითარების ბანკმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი.