ივანე მაჭავარიანი - არ მესმის, რატომ იწყებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას მსუყე ტყუილით
ივანე მაჭავარიანი - არ მესმის, რატომ იწყებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას მსუყე ტყუილით

ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით სრულად ვიყავი ჩართული პროცესში და ის აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ვალების განულების პროგრამაზე გარიგება პრაქტიკულად იძულებითი იყო და გარიგება ხდებოდა ფინანსთა მინისტრის კაბინეტში.

მაჭავარიანის თქმით, ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი იყო, ზოგიერთმა კი, აღნიშნული პროგრამის მიმართ ინტერესი საერთოდ არ გამოხატა, მაგალითად „პროკრედიტ ბანკმა“ და 14-15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ.

„შეგიძლიათ, გამოიძიოთ და ნახოთ. ვერც ერთს იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის რამე მოყვა, არამედ არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა აბსოლუტურად ყველამ, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომელთა ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან, ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა, რამე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ხაზარაძის განცხადება არის ტყუილი.

„მე არ ვიცი, რაში სჭირდება ეს ტყუილი ხაზარაძეს. არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი – ერთი მხრივ, პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად, დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის. ვფიქრობ, ეს შუალედი გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს, ოღონდ მარტივი დაშვებით –  გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და მინიმალური ვალდებულებები შეასრულონ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.