ივანე მაჭავარიანი - ამ ეტაპზე, რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას
ეროვნულბა ბანკმა თუ დაინახა და დარწმუნდა, რომ საჭიროა რეგულაციების შერბილება, ვფიქრობ, გადახედავს კიდეც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება შესაძლებელი გაზომვა, თუ რა შედეგები მოიტანა ახალმა საბანკო რეგულაციებმა.
„საუბარია იმაზე, საკმარისი დრო გავიდა თუ არა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემაც ახსენა, რომ სულ მცირე, ექვსი თვე უნდა გავიდეს და მეც ვეთანხმები. შესაძლოა, სექტემბერი იყო, რომ ვნახოთ რეალურად, გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები არ არის ცუდი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნესსესხები იზრდება, არის ზრდა სამომხმარებლო სესხებისაც.
„იპოთეკური სესხებიც ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება. ამ საკითხზე ჩემი ადრინდელიც და ახლანდელი კომენტარიც ერთადერთია – თუ დავინახეთ, რომ არის შენელება და ეს შენელება გამოწვეულია რეგულაციებით საშუალოვადიან პერიოდში, ვფიქრობ, ყველა იპოვის თავის თავში ძალას, გადახედოს, თუმცა ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.