ივანე მაჭავარიანი - აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტი, რომელის მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი პირობები შეიქმნება. ასევე, ხელი შეეწყობა საშუალო და მცირე ბიზნესს, რაც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, დღეს ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.